დავიბადე 1978 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში, მასწავლებლის ოჯახში, დედა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ხოლო ბებია დაწყებითი კლასების. ბავშვობა 6 წლამდე საავადმყოფოს კედლებში გავატარე და 2-3 წლის ბავშვი უკვე ჯიუტად ვამბობდი ,,ლამარა ექიმი" უნდა გამოვიდე მეთქი. ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან მახსოვს როგორ დიდი სიყვარულით საუბრობდა დედა თავისი მოსწავლეების მიღწევებსა და სკოლაზე, სადაც დილაუთენია მიდიოდა და საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა. სოფლად ვცხოვრობდით, ჩვენი სოფლიდან ქალაქში უნდა გასულიყო და იქიდან კიდევ სხვა სოფელში, რომ იმ სკოლაში მისულიყო, სადაც მუშაობდა. ასე გრძელდებოდა 13 წელი, ვიდრე ჩვენს სოფელში არ გამოცხადდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია. სწორედ ამიტომ ბებომ იტვირთა მე და ჩემი დის განათლების საქმე და აქტიურად გვეხმარებოდა ორივეს (სხვათა შორის ჩემი დაც მასწავლებელი გახდა) სწავლის პროცესში. ბავშვები უზომოდ მიყვარდა და პედიატრობაზე ვოცნებობდი. ამავდროულად ჩემთვის ორი სამაგალითო ადამიანი მასწავლებელი იყო. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ექიმობას მასწავლებლის პროფესია ვამჯობინე. ზაფხულის არდადეგებზეც როცა მეგობრებთან ერთად ,,მასწავლებლობანას" ვთამაშობდით, მოსწავლეობა სულ არ მინდოდა, რატომღაც თავი უკვე მასწავლებლის ამპლუაში წარმომედგინა და მაშინვე მეგონა რომ კარგად ვართმევდი თავს. მასწავლებლობამდე წიგნი შევიყვარე... ჩემი სულის საზრდოდ ვაქციე... მახსოვს უშუქობა...ცივი ზამთრი, სოფელში ჩაბნელებული ფანჯრები და სუსტად მოციმციმე მკრთლი სინათლე სანთლისა, დროდადრო საწვავის ფული თუ გამოჩნდებოდა და მბჟუტავი ლამპა აბრიალდებოდა დიდი სიხარული იყო... საღამოს შეციებულ და წიგნით ხელში ღუმელთან დამჯდარ დედას რომ მივუცუცქდებოდი კითხვით: ,,დედიკო, რა გავაკეთო მეთქი", დედას პასუხი მუდამ ასეთი იყო: - რასაც მე ვაკეთებ შვილოო, თავზე გადამისვამდა თავის სიცივისგან გათოშილ და ჩემთვის უთბილეს ხელებს. დედა წიგნს კითხულობდა და მეც ვიწყებდი წიგნის კითხვას. როდესაც მეკითხებოდნენ პროფესიას რას ირჩევო, ვჩუმდებოდი და პასუხს ვერ ვამბობდი, ექიმობაც მინდოდა და მასწავლებლობაც, როცა მასწავლებლობა ავირჩიე, დედას ეგონა ქართულის მასწავლებელი გავხდებოდი, რადგან ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, მისდა გასაოცრად ბიოლოგია ავირჩიე და 18 წელია ვასწავლი საგანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ალბათ ექიმობა და მასწავლებლობა გავაერთიანე ჩემს არჩევანში და ბავშვების სიყვარული ჩავაქსოვე ჩემს საოცნებო ,,პედიატრობას".
მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები: აირჩიეთ ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, ამით თქვენ საკუთარ თავს ულევ ბედნიერებას აჩუქებთ!
0 comments:
Post a Comment